პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სტუდენტების დემობილიზაციის განკარგულება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა იმ სტუდენტების დემობილიზაციის შესახებ, რომლებიც ადრე უკრაინასთან ომისთვის იყვნენ მობილიზებული თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელისუფლების მიერ.
ამის შესახებ კვირას განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. ამასთან, ამის შესახებ რაიმე დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა.
პესკოვის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. სახალხო მილიციის ძალები ახლა ინტეგრირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, სადაც სტუდენტების გაწვევა არ ხდება. ამიტომ პუტინმა განკარგულება გასცა სტუდენტების სასწავლო ადგილებზე დაბრუნების შესახებ.
ამასთანავე, რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების ცნობებში კვლავაც ფიგურირებს სიტყვათშეთანხმება "მოკავშირე ძალები" - უკრაინული ძალების წინააღმდეგ მებრძოლთა აღსანიშნად. ის ომის პირველ დღეებში შეიქმნა რუსეთის არმიისა და მისი "მოკავშირე" ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღსანიშნავად, რომელთაც რუსული ხელისუფლება მაშინ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიქვამდა.
ოქტომბრის დასაწყისში მოხდა კრემლის მიერ მათი ოფიციალური ანექსია. ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სეპარატისტებმა, რომელთაც რუსეთი უმაგრებდა ზურგს, მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს, რომელიც ათობით ათას ადამიანს შეეხო, მათ შორის მათაც, ვისაც არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. მრავალრიცხოვანი ცნობების მიხედვით, მობილიზებულებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური მონაცემებითაც კი, ის ათასობით მოკლულს ითვლის. რუსეთში 21 სექტემბერს ასევე გამოაცხადეს მობილიზაცია და მას ნაწილობრივი უწოდეს. დასწრებული სწავლების სტუდენტებს მობილიზაციისგან გადავადება მისცეს.
ოქტომბრის ბოლოს ხელისუფლებამ "სამობილიზაციო ღონისძიებების" დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა თავად მობილიზაციის შესახებ დადგენილება არ გაუქმებულა.