ინდონეზიაში დაიწყო "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტი
დღეს, 15 ნოემბერს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დაიწყო „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა სამიტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა ომი უკრაინაში.
სამიტის ოფიციალურად გახსნისას G20-ის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ თუ ომი არ დასრულდება, წინსვლა შეუძლებელი იქნება. როგორც ვიდოდომ თქვა, მსოფლიო ნაწილებად არ უნდა დაიყოს და არ უნდა დაუშვან, რომ მსოფლიო ახალ ცივ ომში აღმოჩნდეს.
„დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 14 ნოემბერს, მოსკოვში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "გარემოებების კარნახით პრიორიტეტულია პრეზიდენტის ყოფნა რუსეთის ფედერაციაში". პესკოვს "გარემოებები" არ დაუკონკრეტებია.
"დიდი ოცეულის" წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ მიმართვა.
სამიტის გახსნამდე, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ გაერთიანების ლიდერებისგან მოელის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის და მსოფლიო ეკონომიკაზე მისი ნეგატიური გავლენის დაგმობას.
ეკონომიკურად წამყვანი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების, G20-ის შემადგენლობაში არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი და ევროკავშირი.
"დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტი 16 ნოემბერს დასრულდება.