ლოიდ ოსტინი: შეერთებული შტატები, ნიდერლანდები და ჩეხეთი ერთად მუშაობენ, რათა უკრაინელებს მიაწოდონ თანამედროვე ტანკები
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები, ნიდერლანდები და ჩეხეთი ერთად მუშაობენ თანამედროვე ტანკების უკრაინისთვის გადასაცემად. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა რამშტეინის საავიაციო ბაზაზე უკრაინის უსაფრთხოების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
ოსტინმა, ასევე, ისაუბრა 7 ქვეყანაზე, რომლებმაც ან უკვე გადასცეს დაპირებული აღჭურვილობა უკრაინას, ან დაპირდნენ მის მიწოდებას და მიწოდების პროცესშია.
„ჩვენ გვესმის ამ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის როლი, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის კოორდინაცია, რომელიც უკრაინას სჭირდება. გვესმის, რომ შვიდმა ქვეყანამ ან უკვე გადასცა დაპირებული აღჭურვილობა, ან დაჰპირდა დონორობას და ახლა ის არის მიწოდების პროცესში. ამ დროს შეერთებული შტატები, ნიდერლანდები და ჩეხეთი ერთად მუშაობენ, რათა უკრაინელებს მიაწოდონ თანამედროვე ტანკები, ასევე განიხილება თავდაცვის შემდეგი პაკეტი აშშ-ში“, – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.
ოსტინის თქმით, მსოფლიო ხედავს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებს და მომავალში უკრაინას უნდა დაუჭიროს მხარი.
„ჩვენ ველით უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას და გავაგრძელებთ სამხედროების მომზადებას, ასევე დამატებითი თავდაცვით აღჭურვას. ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა შეუძლიათ თავიანთი ტერიტორიის დაცვა. ჩვენ ვხედავთ, რა წარმატებებს აღწევენ ისინი, ამიტომ მათ უნდა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ასეთ გამბედაობას“, – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.
ოსტინმა ასევე დასძინა, რომ პარტნიორებმა უნდა გააკეთონ მეტი, ვიდრე შეუძლიათ იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ახლა ჩნდება უკრაინაში, კერძოდ, უზრუნველყონ ელექტროენერგიითა და გათბობის უწყვეტი მიწოდება.