"იმედის" ყოფილი ხელმძღვანელი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა
"იმედის" ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან, რომელიც ნიკა ლალიაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას შეეხება.
"ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და გაერთიანებულ ენერგოდისტრიბუციის კომპანიაში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ასევე, სხვადასხვა დროს იყო „სტუდია მაესტროს” პოლიტიკური რედაქტორი, ,,ტელეიმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი", - აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია "იმედის" დირექტორის თანამდებობაზე 2020 წლის ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ პოსტზე ყოფნის დროს ყოფილმა თანამშრომელმა იგი ტელევიზიაში ხელისუფლების გავლენების გატარებაში დაადანაშაულა.