რუსეთის პატრიარქმა კირილემ დაიჩივლა, რომ მას არ უშვებენ ევროკავშირში
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ განაცხადა, რომ მას ევროკავშირში შესვლა აეკრძალა. "მიღებულია უპრეცედენტო გადაწყვეტილება: არ შეუშვან პატრიარქი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ცივი ომის დროსაც არ მომხდარა",-განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მოსკოვში, აღმოსავლეთ ასირიული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ, მარ ავა მე-3-ესთან შეხვედრაზე.
კირილეს არ აუხსნია, თუ ვინ აუკრძალა ევროკავშირში შესვლა. მან ეს გადაწყვეტილება გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ბოლო პლენარულ ასამბლეას დაუკავშირა.
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 31 აგვისტოს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ის უკრაინის ომის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
კირილის თქმით, შტაინმაიერმა "ვერ მოახდინა გავლენა ვერც ასამბლეაზე და ვერ რუსეთის ეკლესიის დისკრიმინაცია მოახერხა", თუმცა ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არ შეუშვან ევროპაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. "თუ ისინი მართლები არიან და მე ვცდები, მოგვიწვიეთ ტელევიზიაში, ჩაერთეთ ჩემთან დიალოგში და დაამტკიცეთ თქვენი სიმართლე. მათ ამის ეშინიათ, რადგან სიმართლე არა მათ, არამედ ჩვენს მხარესაა", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
ამავე დროს, 31 აგვისტოს შემდეგ კირილეს მიმართ ევროკავშირის მხრიდან სანქციები ოფიციალურად არ გამოცხადებულა. პირიქით, ცნობილია, რომ უნგრეთის დაჟინებული მოთხოვნით, რუსეთის პატრიარქის სახელი გამოირიცხა სანქციების სიების პროექტიდან. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მიმართ სანქციები დააწესეს და თავიანთ ტერიტორიებზე შესვლა აუკრძალეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ლიეტუვამ.
ლიეტუვა შენგენის ზონაში შედის. შესვლის აკრძალვა ნიშნავს, რომ პატრიარქ კირილეს მონაცემები უნდა გაჩნდეს შენგენის საინფორმაციო სისტემაში - რაც, დიდი ალბათობით, შედეგად იმას მოიტანს, რომ ის ვერც შენგენის ზონის სხვა სახელმწიფოებში შეძლებს შესვლას, თუმცა, შესაძლოა გამონაკლისები იყოს დაშვებული.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის პატრიარქმა კირილემ თავის ქადაგებებში არაერთხელ თქვა, რომ "რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს" და კონფლიქტის გაღვიებაში დაადანაშაულა დასავლეთის სახელმწიფოები და გარკვეული ანტიეკლესიური ძალები. კირილეს, ასევე, ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში რუსეთის ძალები თავიანთ ქვეყანას იცავენ.