ჩრდილოეთ ოსეთიდან მობილიზებულებს პოლიგონზე ლოთობის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს
ქალაქ ვლადიკავკაზის საგარნიზონო სასამართლომ რამდენიმე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მობილიზებულის საქმე განიხილა და ისინი დისციპლინური სასჯელის მოხდის მიზნით ჰაუპტვახტში გაგზავნა.
"კავკაზ. რეალიის" ცნობით, სამხედრო მოსამსახურე რუსლან იმანგალიევი ნასვამ მდგომარეობაში 6 ნოემბერს დააკავეს პოლიგონზე. რეზერვისტი გადაიყვანეს რესპუბლიკურ ნარკოლოგიურ დისპანსერში, სადაც მან უარი თქვა სამედიცინო შემოწმების გავლაზე. სასამართლოში იმანგალიევმა დანაშაული აღიარა და განმარტა, რომ ალკოჰოლს სვამდა არა პოლიგონზე, არამედ პოლიგონის გარეთ. სასამართლომ მას 10 დღით პატიმრობა მიუსაჯა.
იმავე დანაშაულისთვის ანალოგიური სასჯელი მიიღეს პაველ ბელიაევმა, ნურალი ბისემბეევმა, ტიმურ ერენჯენოვმა (დაპატიმრების 7 დღთ) და საგინდიკ კარაბალიევმა (დაპატიმრების 13 დღით), რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს პოლიგონზე.
მანამდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ვასილევკაში ჩრდილოეთ ოსეთიდან გაგზავნილმა ოთხმა მთვრალმა წვევამდელმა 13 ძროხა დახოცა და რუს სამხედრო მოსამსახურეს ესროლა. ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ თქვა, რომ მას რცხვენია მისი ოთხი თანამოქალაქის საქციელის გამო.