პეტერბურგში გაზსადენზე აფეთქება მოხდა, შედეგად ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა
19 ნოემბერს დღისით აფეთქება მოხდა „ბელოუსოვო-ლენინგრადის“ მაგისტრალის გაზსადენზე, რასაც შემდგომში ხანძარი მოჰყვა. კომპანია „გაზპრომ სანქტ-პეტერბურგის“ ცნობით, რაც შემდეგ გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომაც დაადასტურა თავის ტელეგრამის არხში, - აფეთქება მოხდა პეტერბურგის საზღვართან სოფლებს, ბერნგარდოვკასა და კოვალიოვოს შორის.
"ცეცხლის ჩაქრობა ვსევოლოჟსკის მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მაშველთა ორმა გუნდის ძალებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია დროზდენკოს განცხადებაში. გუბერნატორმა და ოპერატორმა კომპანიამ განაცხადეს, რომ აფეთქებას და ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ მათ არ გაამჟღავნეს, თუ რამ გამოიწვია აფეთქება გაზსადენზე.
ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არ არსებობს ხანძრის საცხოვრებელ ადგილებში გავრცელების საშიშროება.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სამრეწველო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის მუხლით, მაგრამ ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
19 ნოემბერს, რუსეთის კუნძულ სახალინზე მდებარე სოფელ ტიმოვსკოეში, ხუთსართულიან სახლში გაზის აფეთქება მოხდა, რასაც ადგილობრივი მედიის ცნობით, 9 ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა შორის 8, 10 და 12 წლის ოთხი ბავშვი. მომხდარ ტრაგედიას სახალინის რეგიონის გუბერნატორი, ვალერი ლიმარენკოც, ადასტურებს.