ირანის რევოლუციის გუშაგებმა ჩრდილოეთ ერაყში ცეცხლი გაუხსნეს ოპოზიციური ჯგუფების შტაბ-ბინებს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ცეცხლი გაუხსნა ირანელი ქურთების ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში არიან დაფუძნებულნი. ამ მორიგი თავდასხმის ფონზე, თეირანი მათ ბრალს სდებს ირანში მღელვარების გამოწვევაში.
20 ნოემბერს, გვიან განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. იერიში მიტანილ იქნა ირანთან დაპირისპირებული ქურთების პარტიების ოფისებზე, მათ შორის ირანის ქურთისტანის კომალას პარტიის შტაბ-ბინაზე და ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერების ოფისზე.
ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის თქმით, თავდასხმას ემსხვერპლა ერაყში გადახვეწილი ირანელი ქურთების ამ ჯგუფის წევრი, მოჰამედ ნაზიფ ყადერი.
ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული თავდასხმის ფონია ირანში ქურთთა ქალაქების მცხოვრებ მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლა, იმ საპროტესტო ტალღის გაფართოების გამო, რომელიც უკავშირდება მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასირ კანაანიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეირანი მოქმედებდა "თავისი კანონიერი უფლებების საფუძველზე, თავისი საზღვრების და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად".