ჟურნალისტებმა უკრაინასთან ომში 9300-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს
25 ნოემბრის მდგომარეობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დროს სულ მცირე 9311 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათგან 326 მობილიზებული მოქალაქეა. რუსეთის სამხედრო დანაკარგი მოხალისეთა გუნდის მონაწილეობით რადიოსადგურ BBC-ის რუსულმა სამსახურმა და გამოცემა "მედიაზონამ" ერთობლივად გამოთვალეს.
ომის მეცხრე თვის ბოლოს დადასტურებული დანაკარგის რაოდენობით რეგიონთა მიხედვით პირველ ადგილზეა კრასნოდარის ოლქი (407 დაღუპული). მეორე ადგილზე-ბურიატია (348 ადამიანი), მესამეზეა - დაღესტანი (345 ადამიანი).
ომში დაღუპულ რუს სამხედროთა საერთო რაოდენობიდან 1449, ანუ 15% იყო ოფიცერი. დაღუპულთა შორის იყო ოთხი გენერალი და 47 პოლკოვნიკი. 2500-ზე მეტი დაღუპული სამხედრო ელიტური სპეციალობის პირად შემადგენლობას განეკუთვნება. კერძოდ, ლაპარაკია სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე, საზღვაო ქვეითებსა და სამხედრო მფრინავებზე. ომის მეცხრე თვის ბოლოს ყველაზე მეტი დანაკარგი – 18% - ქვეით ჯარზე მოდის.
ჟურნალისტები ომში დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას საომარი მოქმედებების დაწყებიდან აგროვებენ. მონიტორინგში ხვდებიან მხოლოდ ის ჯარისკაცები, რომელთა დაღუპვაც ღია წყაროებით არის დადასტურებული. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სია შეიძლება შეიცავდეს მინიმუმ 40-60% - ით ნაკლებ სახელს, ვიდრე რეალურად დაკრძალულია რუსეთში. ჟურნალისტები ამ დასკვნამდე რუსეთში 60-ზე მეტ ადგილას არსებული სასაფლაოების შესწავლის შემდეგ მოვიდნენ.
როგორც გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი" წერს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის პროგნოზით, მომავალი წლის ზაფხულისთვის მობილიზებულთა საერთო რაოდენობიდან დანაკარგებმა შესაძლოა დაახლოებით 100 ათასს მიაღწიოს.
მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგებზე ინფორმაციას არ ავრცელებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან მხოლოდ მეორედ, 25 მარტს, გამოაქვეყნა მონაცემები რუსული ჯარების დანაკარგების შესახებ, რომლის მიხედვითაც, დაიღუპა 1,351 რუსი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 3,825 - დაშავდა.
რაც შეეხება უკრაინას, შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ზალუჟნიმ აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 9000 უკრაინელი გმირი დაიღუპა. ამასთან, უკრაინელ სარდალს არ დაუზუსტებია, ლაპარაკია მხოლოდ სამხედროებზე, თუ ამ რიცხვში სამოქალაქო პირებიც იგულისხმებიან.