მიტროპოლიტი ნიკოლოზი: ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი დანაშაულის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, დეკანოზის განცხადება საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ იყო.
„შეიძლება მან გადაამლაშა და ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია. მე ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა, მან თავის პოსტზე დადო ეს თუ ეს იყო საპატრიარქოს განცხადება, მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება. ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს მისცეს უფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვას. ყოველთვის, ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება, როგორც ეკლესიის პოზიცია ისე აღიქმებოდა, ახლა შეიცვალა ვითარება. მე ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საპატრიარქოს პოზიციაა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, 26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
იმავე დღეს 27 და 39 წლის კაცები 70 წლის მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცხრამუხის მონასტერში მომხდარ შემზარავ ამბავს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა, აღნიშნულ ფაქტს ეროვნული ტრაგედია უწოდა და მომხდარში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.