ბრაზილიაში პოლიციამ გაწმინდა კონგრესის შენობა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებისგან
ბრაზილიის უსაფრთხოების ძალებმა გაწმინდეს 8 იანვარს ეროვნული კონგრესის - პარლამენტის შენობა ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერებისგან.
ბოლსონარუს მომხრეები ასევე შეიჭრნენ უზენაესი სასამართლოს შენობასა და პრეზიდენტის სასახლეში ახლახან არჩეული პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას ინაუგურაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დროს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქის სამართალდამცავების დასახმარებლად დამატებითი ძალები გაიგზავნა.
ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ რაც მოხდა, სხვათა შორის უსაფრთხოების ნაკლებობის ბრალია. „ნამდვილი ვანდალების მსგავსად, ანადგურებდნენ ყველაფერს რაც წინ ხვდებოდათ. ვფიქრობ, ეს იყო უსაფრთხოების ნაკლებობა და მინდა გითხრათ, რომ ყველა ის, ვინც ეს გააკეთა, მიკვლეულ იქნება და დაისჯება,“ - თქვა და სილვამ საო პაოლოში.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედერალური ოლქის გუბერნატორმა თანამდებობიდან გადააყენა დედაქალაქ ბრაზილიის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც, მედიის თანახმად, აშშ-ში იმყოფება. თვითონ ბოლსონარუს, რომელიც ლულას ინაუგურაციის შემდეგ ფლორიდაში წავიდა, კომენტარი მომხდარის გარშემო არ გაუკეთებია.
ბოლსონარუს მომხრეები თვლიან, რომ არჩევნების შედეგები, რომლითაც, ოფიციალური, მონაცემებით, მცირე უპირატესობით ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა, გაყალბებული იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრაზილიაში ბოლსონარუს მომხრეთა ძალადობას "აღმაშფოთებელი" უწოდა.
ბევრს გაახსენა ბრაზილიაში მომხდარმა აშშ-ში, 2021 წლის 6 იანვრის მოვლენები, როცა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებმა იერიში მიიტანეს კონგრესის შენობაზე და მასში შეიჭრნენ.
მოძალეების სასამართლო პროცესები აშშ-ში დღემდე გრძელდება.