უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 31 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა და 73 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ისევ უტევს ბახმუტის, ავდეევკის და ლიმანის მიმართულებებს და ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს კუპიანსკის მიმართულებით.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 11 და ლუგანსკის ოლქის 2 დასახლებულ პუნქტთან.
გენერალური შტაბის თანახმად, თავდაცვის ძალების ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. ჩამოგდებულია 3 ვერტმფრენი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრის 7 რაიონი.