ანა წითლიძე: შიდა პარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო, რადგან …
„ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატისთვის რომ არც ერთი ხმა არ დაკარგონ. სამართლიანი მე ეს მგონია, მაგრამ მე არ ვაპირებ ამ არჩევნებში მხარე ვიყო რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
„შიდა პარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო, რადგან რაც ახლა ხდება ჩემი პარტიის ირგვლივ არის ის რასაც არ ვისურვებდი.
მაგრამ რადგან დღეს ზუგდიდის ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ნიკა მელიას, ზუგდიდის პარტიის მეორე ნაწილმა კი ვინც ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს ბრიფინგითვე უპასუხა – მე კი არც ერთზე არ ვიყავი, ბევრს კითხვები გაუჩინა და ჩემი პოზიციით დაინტერესდა.
ამიტომ მნიშვნელოვნად ვთვლი განმარტებას და ამაზე მეტს არ ვისაუბრებ.
ზუგდიდის პარტია დიდია და რა თქმა უნდა განსხვავებული აზრი აქაც არსებობს, პარტიაში არიან ოთხივე კანდიდატის მხარდამჭერები და მე თითოეული მათგანის არჩევანს პატივს ვცემ. ვის მეტი ვის ნაკლები ამას არჩევნების შედეგები გამოაჩენს.
მიუხედავად იმისა რომ ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ვარ – მე არც ერთი ჩემი პარტიის წევრისთვის არ მითქვამს ვის უნდა მისცენ ხმა. ამას ნებისმიერი დამიდასტურებს.
ვთვლი რომ არჩევანში ყველამ საკუთარი სინდისის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მე როგორც ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს სამეგრელოდან, არ მაქვს უფლება ვისაუბრო რომელიმე მათგანის სახელით, მე ხელი უნდა შევუწყო ყველას რომ საარჩევნო მუშაობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
მე ვარ და ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატის მხარდამჭერისთვის რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანი გააკეთონ.
ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატისთვის რომ არც ერთი ხმა არ დაკარგონ.
სამართლიანი მე ეს მგონია, მაგრამ მე არ ვაპირებ ამ არჩევნებში მხარე ვიყო რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ.
არა მხოლოდ იმიტომ რომ ორივე მხარეს არიან ჩემი უახლოესი მეგობრები. წარმოუდგენლად მტკივნეულია და კატეგორიულად მიუღებელია ერთმანეთის ლანძღვა, მელიას ღალატში, ან მეორე მხარის ღალატში და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დადანაშაულება.