"უცხოეთის აგენტის" სტატუსის გამო გადადგა რუსეთის ყალმუხეთის რეგიონის ბუდისტთა წინამძღოლი
გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკის უზენაესმა ლამამ - ქვეყნის პირველმა პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელმაც საჯაროდ დაგმო მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრა.
ამჟამად უცხოეთში მცხოვრებმა ტელო ტულკუ რინპოჩემ, იგივე ერდნი-ბასან ომბადიკოვმა 29 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ ტოვებს ყალმუხეთის ბუდისტთა წინამძღოლის, შაჯინ-ლამას პოსტს, მას მერე, რაც რუსეთმა ის ორი დღით ადრე "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა.
ტელო ტულკუ რინპოჩე ამავდროულად იყო დალაი-ლამას ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთში, მონღოლეთში და დსთ-ის სახელმწიფოებში.
გასული წლის ოქტომბერში ტელო ტულკუ რინპოჩემ გააკრიტიკა უკრაინაში მიმდინარე ომი და თქვა, რომ სიმართლე უკრაინის მხარესაა. ლამამ ომს უწოდა "დიდი ტანჯვა" და განაცხადა, რომ ის არასაჭიროა.
ტელო ტულკუ რინპოჩე ყალმუხეთის უზენაესი ლამა 1990-იანი წლების დასაწყისში გახდა. რუსეთში ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერის დაპატიმრების შემდეგ ის მონღოლეთში გაემგზავრა. ის ამავდროულად არის აშშ-ის მოქალაქე და ამბობდა, რომ რუსეთში დარჩენით რისკზე წასვლა არ სურდა.