უკრაინა პოლონეთის გამოშვებულ 100 ჯავშანტრანსპორტიორს შეიძენს - მორავიეცკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პოლონეთიდან ადგილობრივი წარმოების 100 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს შეიძენს.
"უკრაინის არმია ჩვენგან შეიძენს 100 „როსომაკს“, რომელიც [ქალაქ] სიამიანოვიცე-შლასკეში იწარმოება. „როსომაკები“ უმაღლესი კლასის ჯავშანტრანსპორტიორები არიან", - განაცხადა მორავიეცკიმ 1 აპრილს.
მისივე თქმით, ტექნიკის შესყიდვა ევროკავშირისა და აშშ-ის სახსრებით მოხდება.
მარტში პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია უკრაინას 4-6 კვირის განმავლობაში მიაწოდოს მიგ-29 თვითმფრინავები.
ამ კვირის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაიმეორა, რომ კონტრშეტევის ოპერაციისთვის მოსამზადებლად უკრაინას "პირველ რიგში მძიმე ტექნიკა და გაწვრთნილი რეზერვები" სჭირდება.