ერთ-ერთი სამინისტრო 3000-მდე თანამშრომლის კომპიუტერიდან დეტალურ მონაცემებს აგროვებდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი 10-ზე მეტი დაწესებულება აგროვებდნენ დეტალურ ინფორმაციას თანამშრომლების კომპიუტერებიდან. საბოლოოდ, ეს მონაცემები 30-მდე თანამშრომლისთვის ხდებოდა ხელმისაწვდომი. სამინისტროს შემოწმება ანონიმური შეტყობინებით მოითხოვეს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში არ აკონკრეტებს, რომელ სამინისტროში ირღვეოდა 3000-მდე დასაქმებულის უფლებები. ეს ინფორმაცია უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას კომუნიკაციის დროსაც არ მიაწოდეს - სამინისტროს დასახელებისთვის ითხოვეს საჯარო ინფორმაციის წესით მიმართვა, რაც დროში გაწელილი პროცესია.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა:
სამინისტრო სისტემაში დასაქმებული პირების მიერ კომპიუტერების საშუალებით განხორციელებულ ქმედებებზე დეტალურ ინფორმაციას აგროვებდა;
გროვდებოდა თანამშრომლების კომპიუტერებში გახსნილი ვებსაიტების მონაცემები და შინაარსი, მათ შორის საკვანძო სიტყვების მიხედვით;
ეს მონაცემები ხელმისაწვდომი იყო 60 დღის განმავლობაში;
სამინისტროს მიერ გაცხადებული მიზნების შესაბამისად, დამუშავებულ მონაცემებს იყენებდა მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
"სამინისტროს განმარტებით, პროგრამის საშუალებით მოპოვებული მონაცემები დასაქმებულებისთვის წარმოადგენდა საკუთარი დროის თვითმონიტორინგის (იმის დადგენის, თუ რა დროს უთმობდნენ საქმეს და რა დროს - სხვა საკითხებს) საშუალებას, გარდა ამისა, მისი ფუნქციონირება განპირობებული იყო სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებითაც", - წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
იმის მიუხედავად, რომ სამინისტრო ოფიციალურ განმარტებაში ამ პროგრამის დაყენების ერთ-ერთ არგუმენტად დასაქმებულთა მიერ "საკუთარი დროის თვითმონიტორინგს" ასახელებდა, გაირკვა, რომ თანამშრომელთა ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეს სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და მას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის 46-ე მუხლით 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, უწყებას დაევალა შეწყვიტოს ამ მონაცემების შეგროვება და წაშალოს უკვე დამუშავებული ინფორმაცია.