რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გრაფიკით აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით აღდგა (12 აპრილის 18:15 სთ-დან 13 აპრილის 06:00 სთ-მდე.).
მსუბუქი ავტოტრანსპორტი კი 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს. რიკოთის უღელტეხილზე მიმოსვლას ისინი 13 აპრილს, 07:00 საათიდან განაახლებენ.
2023 წლის 13 აპრილიდან ყოველდღე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმებით:
მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში;
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს;
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით
როგორც დეპარტამენტი აცხადებს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რიკოთის უღელტეხილი გახსნიდან რამდენიმე დღეში ისევ ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც 11 აპრილს გზაზე მთის ფერდი ჩამოიშალა.