წყაროთა ცნობით, აშშ განიხილავს სანქციების დაწესებას ორბანის მოკავშირეთათვის
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოკავშირეები - მათ შორის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები - მალე შესაძლოა გახდნენ აშშ-ის ახალი სანქციების სამიზნე, კორუფციაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გამო, - უთხრეს წყაროებმა რადიო თავისუფლების უნგრულ სამსახურს. ეს ცნობა შესაძლოა მოასწავებდეს კავშირების გაუარესებას ვაშინგტონსა და ბუდაპეშტს შორის.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც სანქციების პროექტს გაეცნენ, მაგრამ თავიანთი ვინაობის ანონიმურად დატოვება აირჩიეს, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს ზომები, თუკი მას კონგრესი დაამტკიცებს, სახელმწიფო მდივანს საშუალებას მისცემს მიზანში ამოღებული პირები შავ სიაში შეიყვანოს. წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, ვინ გახდება სანქციების სამიზნე, ზომების დამტკიცების შემთხვევაში.
აშშ-ს წარსულშიც დაუწესებია სანქციები ორბანთან დაახლოებული პირებისთვის. 2014 წელს ვაშინგტონმა უნგრეთის რამდენიმე მოქალაქეს აუკრძალა აშშ-ში შესვლა.
რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა სამ ოფიციალურ პირს - რუსეთის ორ მოქალაქეს და უნგრეთის ერთ მოქალაქეს - რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებულ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკში (IIB) მუშაობენ. ბანკის შტაბბინა ბუდაპეშტშია განთავსებული.