ლატვია კონფისკებულ რუსულ სასუქებს უსასყიდლოდ გადასცემს კენიას
რუსული წარმოების სასუქი, რომლის კონფისკაცია მოახდინა ლატვიამ ევროკავშირის სანქციების გამო, კენიაში იგზავნება გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში. ამის თაობაზე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება 22 აპრილს.
კონფლისკებული 200 ათასი ტონა სასუქის პირველმა პარტიამ 21 აპრილს დატოვა რიგის პორტი, მას კიდევ რამდენიმე პარტია მოჰყვება.
ლატვიამ „გადაწყვიტა, გაეროს სასურსათო პროგრამის დახმარებით შეუწყოს ხელი იმ კომპანიების კუთვნილი მინერალური სასუქების უსასყიდლო გადაცემას, რომელთა მიმართ ევროპის კავშირის სანქციები მოქმედებს,“ ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპის კავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე წყება დააწესა. ამჟამად ევროკავშირში მზადდება სანქციების მორიგი, მე-11 პაკეტი.