სტოლტენბერგი: კახოვკის კაშხლის განადგურება „რუსეთის ომის სისასტიკეს“ ნათელყოფს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 6 ივნისს განაცხადა, რომ მდინარე დნეპრზე უკრაინის ნოვა კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურება არის „აღმაშფოთებელი“ ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ხალხს და გარემოს.
„დღეს კახოვკის კაშხლის განადგურება საფრთხეს უქმნის ათასობით სამოქალაქო პირს და იწვევს გარემოს სერიოზულ ზიანს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე.
ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, დღეს დილით გაავრცელა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ. ჰესი მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
კახოვკის ჰესის ნგრევას დაგეგმილ დივერსიას უწოდებენ კრემლში და უარყოფენ მომხდართან რუსი სამხედროების კავშირს.
„ჩვენ შეგვიძლია მათი [ბრალდებები] გადაჭრით უარვყოთ, ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ აქ ერთმნიშვნელოვნად საუბარია უკრაინული მხარის წინასწარგანზრახულ დივერსიაზე, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა კიევიდან, კიევის რეჟიმის ბრძანებით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კაშხლის ნგრევა უკავშირდება რეგულარულ სროლას კახოვკის ჰესის მისამართით.
ჰესის ნგრევის შედეგად წყლის დონის მომატების და უკონტროლო დინებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ხერსონის ოლქის ორივე ნაწილიდან. სახიფათო ზონა 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.
მომხდარზე რუსეთმა საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა, უკრაინამ კი - ომის კანონების დარღვევისა და ეკოციდის მუხლით.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რომელმაც მომხდარს „ტერაქტი“ უწოდა, ჰესი „რუსი ოკუპანტების მიერ დაინაღმა და მათვე ააფეთქეს“.