რას სთავაზობს თბილისის მერია ზაფხულში ბავშვებს და ახალგაზრდებს - საზაფხულო ბაღები, სპორტული აქტივობები, ლაშქრობები
თბილისის მერია ბაღის ასაკის ბავშვებს საზაფხულო საბავშვო ბაღებს, ახალგაზრდებს კი სპორტულ აქტივობებს და ლაშქრობებს სთავაზობს - ამ ინიციატივების შესახებ ქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა.
კალაძის თქმით, საზაფხულო საბავშვო ბაღები ივლისის თვეში 17 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, ახალგაზრდული პროგრამით სარგებლობის საშუალება კი 5 000 ადამიანს მიეცემა.
საზაფხულო საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით ვებგვერდზე: www.kids.org.ge. ზაფხულის განმავლობაში თბილისის მასშტაბით სულ 45 ბაღი იმუშავებს.
ბაღის ასაკის მშობლებისთვის საყურადღებო სიახლეა ის, რომ 2023-2024 სააღმზრდელო წელს იცვლება ბაღში რეგისტრაციის პროცესი და ორის ნაცვლად, იგი სამეტაპიანი ხდება.
"მოგეხსენებათ, ამ პროცესში გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭებათ რეგისტრაციისას. ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიის წარმომადგენელს.
ასევე, თუ დღემდე მოქმედი წესით რეგისტრაცია მიმდინარეობდა ორ ეტაპად, რაც ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების რეგისტრაციას, ხოლო მეორე ეტაპზე - საყოველთაო რეგისტრაციას, აღნიშნული წესი იცვლება და იქნება სამეტაპიანი რეგისტრაცია - პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები, მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ უკვე ივლისში გამოვაცხადებთ რეგისტრაციას", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ახალგაზრდულ პროგრამას, რომელსაც მერია ზაფხულის განმავლობაში 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს, ის მოიცავს კარტინგს, მინი გოლფს, სასროლეთს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალურ საცურაო აუზს ზღვის უბანში, ჯომარდობას ფასანაურში და ლაშქრობებს თბილისის შემოგარენში.