საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
საქართველოში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო და პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა სენსაცია გამოაცხო და ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია 2:0 დაამარცხა.
პორტუგალიის ნაკრებმა დასაწყისშივე აიღო კონტროლი თამაშზე და ცდილობდა სახიფათო შეტევების განვითარებას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს იდეალურად იცავდა და მეტოქე ფუჭად ირჯებოდა. საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე ცდილობდა შედეგის მიღწევას, ერთი ასეთი მცდელობისას წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე გაგუამ არაუხოს ბრძოლა მოუგო და პორტუგალიელთა კარი დალაშქრა. დამატებით დროში კი წიტაიშვილის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვი დაუხვდა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა აქცენტი დაცვაზე და ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მატჩში ჩაერთო ფეხბურთელები რომლებიც წინა დღეს გლაზგოში საქართველოს ნაკრების განაცხადში იყვნენ და თბილისში დღეს ჩამოფრინდნენ: ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელმაც სულაც გუშინ შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა. 76-ე წუთზე გოჩოლეიშვილმა მცველები ჩამოიშორა და საჯარიმოსკენ მიემართებოდა, რა დროსაც აროუხომ თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა, რასაც მსაჯის მიერ წითელი ბარათი მოჰყვა და პირინეელები ათნი დარჩნენ.
პარალელურ შეხვედრაში ბელგია ნიდერლანდებს 0:0 დაუზავდა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბელგიის წინააღმდეგ 24 ივნისს გამართავს.