შეწყდა 21 მაისს დაკავებული ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება
სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლიკა ბოკერიას გადაწყვეტილებით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავასა და პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, გიორგი ლომიძის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
საქმე ეხება 21 მაისს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ფარულავა და ლომიძე საგარეჯოს პოლიციასთან დააკავეს. მაშინ ისინი განყოფილებასთან მივიდნენ სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" წინა დღეს, 20 მაისს, დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.
პარტია "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებდა, რომ ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის დაკავების მიზეზი გახდა პოლიციის განყოფილებასთან სიმღერის, „მიშა მაგარია“, ჩართვა.
დღევანდელ პროცესზე საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლები ვასილ ბიკაშვილი და გიორგი ბოჭორიშვილი მივიდნენ, რომლებმაც მტკიცებულებად სამხრე კამერიდან ამოღებული ჩანაწერი წარადგინეს, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია 20 მაისს, დილიდან, მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქვე იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.
ამ დღეს განვითარებული მოვლენებისას ჯამში 19 ადამიანი დააკავეს, მათ შორის "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც დაკავებიდან 24 საათის შემდეგ გაათავისუფლეს ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.
სამართალდამცავებმა ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აიყვანეს.