შალვა ნათელაშვილი: ის პოლონელი ექიმი, მე მგონი შეკრული იყო ამ ხელისუფლებასთან, ისეთი პროვოკაცია ჩაიდინა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის შეფასებით, პოლონელმა ექიმმა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის წინდაში ჩადებით, „ძალიან დიდი სისულელე ჩაიდინა“ და „დამაჯერებლობა დაუკარგა საერთაშორისო არენაზე, ბევრ რეალურ ამბავს“.
„ის პოლონელი ექიმი, მე მგონი შეკრული იყო ამ ხელისუფლებასთან, ისეთი პროვოკაცია ჩაიდინა, რომ დაუკარგა დამაჯერებლობა ყველა რეალურ მტკიცებას, რაც არსებობდა ამ პიროვნების გარშემო იმ ფეხსაცმელში რაღაცის ჩადებით, რაც სრულებით არ იყო საჭირო. ამიტომ, მე, როგორც ყოფილ გამომძიებელს, ეჭვი შემაქვს, ეს ექიმი რამდენად იყო კეთილსინდისიერი. ეს ძალიან დიდი სისულელე ჩაიდინა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა tv პირველის ეთერში.
ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ნიმუში ქაღალდში გახვია, წინდაში ჩაიდო და მის ფარულად გატანას ცდილობდა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მიმართა, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოესმინა.
დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან მარიუშ პიეტრ ჟაკთან ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა. მან ტერიტორია ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.