იაპონია ემზადება რუსეთში გარკვეული ტიპის ავტომობილების ექსპორტის ასაკრძალად
იაპონიის ხელისუფლება აპირებს, აკრძალოს რუსეთში ექსპორტი დიზელსა და ბენზინზე მომუშავე, მათ შორის მეორადი ავტომანქანებისა, რომელთა ძრავის მოცულობაც 1.9 ლიტრს აჭარბებს. შეზღუდვები ასევე შეეხება ყველა ჰიბრიდულ მანქანას - წერს sibreal.org ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
შეზღუდვების შემოღების მიზეზია რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაგრძელებული ომი. იაპონიის მინისტრთა კაბინეტი ივლისში დაამტკიცებს შესაბამის ბრძანებას, რომელიც აგვისტოდან შევა ძალაში.
გასული წლის აპრილიდან იაპონიამ აკრძალა 43 ათასზე მეტ დოლარად ღირებული ავტომანქანების ექსპორტი რუსეთში.
ომის დაწყების შემდეგ იაპონიამ სხვა ქვეყნებთან ერთად დაიწყო რუსეთის და რუსი და პრორუსი პოლიტიკოსებისა თუ დეპუტატების წინააღმდეგ სანქციების შემოღება. მათ შორის, იაპონიამ აკრძალა რუსეთში ვაქცინების, სამედიცინო აღჭურვილობის, ბირთვული ობიექტების აღჭურვილობისა და ნავთობისა და ბუნებრივი გაზის დამუშავებისთვის საჭირო მასალების ექსპორტი.
იაპონიის მიერ შემოღებული პერსონალური სანქციები შეეხო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ასევე ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებსა და მათ ნათესავებს. ამავე დროს, ტოკიომ გამოაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
რუსეთმა, თავის მხრივ, იაპონია შეიყვანა "არამეგობრული ქვეყნების" სიაში და განაცხადა, რომ ტოვებს იაპონიასთან დიალოგს ერთობლივ სამეურნეო ქმედებებზე სამხრეთ კურილის კუნძულებზე. რუსეთმა იაპონელ მეზღვაურებს აუკრძალა ამ კუნძულებზე თევზაობაც, რის უფლებასაც იაპონელებს აძლევდა რუსეთ-იაპონიის 1998 წლის შეთანხმება.