პოლონეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის წაუყენეს
საქართველოს 48 წლის მოქალაქეს, რომელიც პოლონეთის პოლიციამ შაბათს 15 ივლისს დააკავა, ბრალი სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ქმედების მცდელობისთვის წაუყენეს.
პოლონეთის ბიტომის რაიონულმა პროკურორმა დაზარალებულად ცნო სამი მოზარდი, 12 -23 წლის ორი ბიჭი და ერთი გოგო.
შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ბიტომში 15 ივლისს მოხდა. ღია საცურაო აუზის დაცვის თანამშრომლებმა ორი შეტყობინება მიიღეს ორი ბიჭისგან და ერთი გოგოს დედისგან. გოგომ დედას უამბო, რომ მას დაახლოებით 50 წლამდე მამაკაცი ავიწროებდა. მსგავსი შეტყობინება მიიღო აუზის დაცვის სამსახურმა ორი ბიჭისგანაც.
შედეგად დააკავეს 4 ადამიანი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ. ბიტომის რაიონულმა პროკურორმა 48 წლის საქართველოს მოქალაქეს, გამოკითხვის შემდეგ ბრალი წაუყენა 15 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური ან სხვა ხასიათის ქმედების ჩადენაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი აუზში ავიწროებდა მოზარდებს და მათ ეხებოდა.
ბრალდებულთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე მოწმის სახით გამოჰკითხეს და გაათავისუფლეს.
მედიის ცნობით, ოთხივე მამაკაცი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქალაქ ბიტომში და იქვე მუშაობდა.
პოლონური გამოცემის თანახმად, ბრალდებულმა ჩვენება რუსულენოვანი თარჯიმნის დახმარებით მისცა, ის ბრალდებას არ აღიარებს.მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 12 წლით პატიმრობა ემუქრება.
15 ივლისს ქალაქ ბიტომის ღია აუზზე მომხდარს ადგილობრივების მღელვარება მოჰყვა. ისინი დაკავებულების დასჯას მოითხოვდნენ, ხალხის მასის შესაკავებლად პოლიციას ფარების და ცრემსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა.
პროკურატურა ცალკე იმსჯელებს მოქალაქეების მხრიდან ლინჩის წესით გასამართლების მოთხოვნის გარემოებებსა და პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე.