გაერო შეშფოთებულია რუსეთში სახელმწიფოს ღალატისა და ჯაშუშობის საქმეების რიცხვის ზრდით
გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს რუსეთში მკვეთრადაა გაზრდილი ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის მუხლებით წარმოებული საქმეების რაოდენობა.
თუკი გასულ წელს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით 24 საქმე აღიძრა და 16 პირი გასამართლდა, 2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთში სახელმწიფოს ღალატის ბრალდება წაუყენეს, სულ მცირე, 43 ეჭვმიტანილს. ეს მონაცემები მოაქვთ რუსეთში ადამიანის უფლებების არსებული ვითარების შესახებ გაეროს საგანგებო მომხსენებელს, მარიანა კაცაროვას და გაეროს საგანგებო მომხსენებელს სიტყვის თავისუფლების სფეროში, ორგანიზაცია Amnesty International-ის ყოფილ ხელმძღვანელს, აირინ ჰანს.
გაეროში შეშფოთებული არიან ბოლო პერიოდში ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის მუხლებით ბრალდებების ხშირი წარდგენით რუსეთში, სამოქალაქო პირების დაკავების მიზნით. "ეს სახიფათო ინსტრუმენტია, ბრალდების სიმძიმისა და ამგვარ საქმეებზე საზოგადოებრივი კონტროლის სირთულის გათვალისწინებით", - ვკითხულობთ უფლებადამცველთა განცხადებაში.