უკრაინაში დააკავეს ოდესის ყოფილი სამხედრო კომისარი
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ გაავრცელა ცნობა, რომ დააკავეს ოდესის ყოფილი სამხედრო კომისარი, ევგენი ბორისოვი.
51 წლის ბორისოვი ეჭვმიტანილია უკანონო გამდიდრებაში და სამხედრო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობისთვის თავის არიდებაში. ბორისოვს ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ბორისოვი ოდესის სამხედრო კომისარიატს (დაკომპლექტების და სოციალური დახმარების საოლქო ცენტრი) ხელმძღვანელობდა 2019 წლიდან. ის 28 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით გაათავისუფლეს სამსახურიდან.
განთავისუფლების მიზეზი იყო გამოძიების დაწყება სამხედრო პირის ოჯახის გარშემო, რომელსაც აღმოუჩინეს ესპანეთში 4,5 მილიონი დოლარის საფასურის ქონება. ჟურნალისტების თანახმად, 2022 წლის დეკემბერში, ბორისოვის ოჯახმა მარბელიაში 3 მილიონი დოლარის ღირებულების ვილა შეიძინა. ქონება ბორისოვის დედაზე, ნადეჟდაზე გააფორმეს. ბორისოვის ცოლმა, ალექსანდრამ, მარბელიაშივე იყიდა საოფისე სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზეა. ყოფილი სამხედრო კომისრის სიდედრს აღმოუჩინეს ასევე ძვირადღირებული ავტომანქანები.
„უკრაინსკაია პრავდას“ მიერ გამოკვლევის გამოქვეყნების შემდეგ ბორისოვი თანამდებობას ჩამოაშორეს.
როგორც გამოძიების სახელმწიფო სამსახური იტყობინება, ბორისოვი ცდილობდა გამოძიებას დამალოდა, იცვლიდა ტელეფონის ნომრებს, ავტომანქანებს და საცხოვრებელ ადგილებს. ბორისოვი კიევში დააკავეს.