ოლგა სკაბეევა: რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში და მიგაქვთ თქვენი ფული?
ცნობილი რუსი პროპაგანდისტი, ტელეკომპანია „როსია 1-ის” წამყვანი ოლგა სკაბეევა საქართველოში საკრუიზო გემის Astoria Grande-ის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე კომენტარს აკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
“რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში და მიგაქვთ თქვენი ფული? ამდენ შეურაცხყოფას, სიბინძურეს იღებთ ყოველ ჯერზე და ამის მიუხედავად, რუსი ტურისტები მაინც ასპონსორებთ ამ დანაშაულებრივ რეჟიმს“, – ამბობს სკაბეევა.
შეგახსენებთ, რომ ოლგა სკაბეევამ საქართველოში 2018 წელს დაისვენა. მაშინ ინსტაგრამზე ჟურნალისტი წერდა – “თბილისი სიყვარულია”.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს “რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს”, რომელსაც “რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს”.
გემი Astoria Grande ბათუმში 31 ივლისს ერთ კვირაში მეორედ ჩავიდა. ლაინერის სამოძრაო მარშრუტია სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.
საქართველოში ლაინერის ჩამოსვლას პროტესტი მოჰყვა. ბათუმის პორტში სტუდენტები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.