ნიკა მელია: საქართველოს ჰყავდა და ჰყავს, მედროვე ჩინოვნიკები – ოპოზიციასა თუ ხელისუფლებაში, რომლებიც აგვისტოს ომის დროსაც და ახლაც რესტორანში თავისუფალ ადგილებს ეძებენ….
ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოში გლოვის პარალელურად, “ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა ლოკაციაზე რესტორნებში საზეიმო ვითარებაში ქეიფობდნენ:
“7 აგვისტო რუსეთის მიერ საქართველოში ომის დაწყების დღეა, ბრძოლის, არდანებებისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ისტორიაა, ამას შეეწირნენ გმირები;
და დღეს, როდესაც ქვეყანაში მოხდა ტრაგედია, ბუნებრივი კატასტროფა, რომლის პრევენციის პასუხისმგებლობა ცხადია მხოლოდ ხელისუფელბაზეა, თუმცა სამოქალაქო, ადამიანური და მორალური პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს და ყველას ერთად – რომ მინიმუმ თანავუგრძნოთ დაღუპულთა ოჯახებს;
ქვეყანაში, სადაც მშობლები დაკარგულ ბაშვებს ეძებენ – არ შეიძლება რამეს ვზეიმობდეთ!
მითუმეტეს წარმოუდგენელია ამას აკეთებდეს პოლიტიკოსი, რომელიც მიუხედავად იმისა, მთავრობის წარმომადგენელია თუ ოპოზიციის, უნდა წარმოადგენდეს ხალხს…
საქართველოს ჰყავდა და ჰყავს გმირები, რომლებიც საკუთარი სისხლის ფასად წერდნენ საქართვლოს უკეთესი მომავლის ისტორიას…
საქართველოს ჰყავდა და ჰყავს, მედროვე ჩინოვნიკები – ოპოზიციასა თუ ხელისუფლებაში, რომლებიც აგვისტოს ომის დროსაც და ახლაც რესტორანში თავისუფალ ადგილებს ეძებენ….
შემდეგ კი მათი “უფროსები”, ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებს, ერთნაირი “გაპრავებით” პასუხობენ…” – წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი. 16 პირი, მათ შორის ბავშვები, ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.