ნიგერში სამხედრო ხუნტის ბრძანებით დაიხურა ქვეყნის საჰაერო სივრცე
ნიგერში სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა გასცეს ბრძანება, შემდგომ შეტყობინებამდე დაიხუროს ქვეყნის საჰაერო სივრცე. ხუნტა გადაწყვეტილებას მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან სამხედრო ინტერვენციის მუქარით ხსნის.
ვებსაიტი Flightradar24, რომელიც თვალყურს ადევნებს ფრენებს მთელს მსოფლიოში, აჩვენებს, რომ ამჟამად ნიგერის ცაში თვითმფრინავები არ არის.
დასავლეთ აფრიკის ქვეყნებმა, რომლებიც შედიან ჯგუფ Ecowas-ში, ადრე განაცხადეს, რომ მათ შეიძლება ძალა გამოიყენონ, თუ ნიგერში აჯანყებულთა მიერ ჩამოგდებული პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი არ აღდგება თანამდებობაზე კვირას შუაღამემდე. ეს ვადა უკვე ამოიწურა. ხუნტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები მზად არიან, დაიცვან ქვეყანა.
26 ივლისიდან მოჰამედ ბაზუმი პატიმრობაშია, ხოლო არმიის გენერალმა და პრეზიდენტის გვარდიის სარდალმა აბდურაჰმან ტიანიმ მოგვიანებით თავი ნიგერის ახალ ლიდერად გამოაცხადა.
სამხედრო გადატრიალება დაგმო საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ შორის ყოფილმა კოლონიურმა ძალამ საფრანგეთმა, დანარჩენმა ევროკავშირმა, გაერომ და შეერთებულმა შტატებმა. ამავე დროს ნიგერის ორმა მეზობელმა - მალიმ და ბურკინა-ფასომ - განაცხადეს, რომ ისინი ნიგერში ნებისმიერ გარე სამხედრო ინტერვენციას განიხილავენ, როგორც მათ წინააღმდეგ ომის გამოცხადებას. მალი და ბურკინა-ფასო Ecowas-ის წევრები არიან, მაგრამ მათი წევრობა შეჩერებულია მას შემდეგ, რაც იქაც სამხედრო ხუნტები მოვიდნენ ხელისუფლებაში.
BBC აღნიშნავს, რომ ნიგერი არის მსხვილი მწარმოებელი ურანისა, რომელიც აუცილებელია ბირთვული ენერგეტიკისთვის. პრეზიდენტ ბაზუმის დროს ნიგერი დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში რადიკალ ისლამისტებთან დაპირისპირებაში დასავლეთის მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა.
ცოტა ხნის წინ მოჰამედ ბაზუმმა დახმარებისთვის მიმართა შეერთებულ შტატებსა და მსოფლიო საზოგადოებას ქვეყანაში წესრიგის აღდგენის მიზნით. მან გამოთქვა შიში, რომ მეამბოხეების ქმედებების გამო მთელი საჰელის რეგიონი „შეიძლება მოხვდეს რუსეთის გავლენის ქვეშ ჯგუფ ‘ვაგნერის’ მეშვეობით“. ოფიციალურად მოსკოვმაც დაგმო ხუნტის ქმედებები.