მედია: პუტინი „მომავლის სამყაროს“ ჩამოყალიბებაზე საუბრობს, რაც მისი თქმით მილიონობით ადამიანის კეთილდღეობას უზრუნველყოფს
„ქვეყნების უმეტესობა მზად არის მხარი დაუჭიროს თავის სუვერენიტეტს და ეს დროება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ერთად იმუშაოს „მომავლის სამყაროს“ ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მოსკოვის მე-11 საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციისას ვიდეომიმართვაში. ამის შესახებ TASS წერს.
„ჩვენ ვხედავთ თანმიმდევრულ მოძრაობას მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის წარმოქმნისკენ. ქვეყნების უმეტესობა მზად არის მხარი დაუჭიროს მათ სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებს, ტრადიციებს, კულტურას და ცხოვრების წესს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
პუტინმა თქვა, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ავტორიტეტის ახალი ცენტრები ძლიერდება, რამაც მისივე თქმით, შეიძლება მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნას სტაბილური და პროგრესული გლობალური განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი სოციალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი საკითხების რეალური გადაწყვეტის მცდელობისთვის და აღნიშნავს, რომ ამით ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება, რაც მისი თქმით, მილიონობით ადამიანის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ღია, პატიოსანი და მიუკერძოებელი“ დისკუსიები, როგორიც მოსკოვის კონფერენციაზე მოეწყო, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან მისი თქმით, ეს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას მომავლის შესაქმნელად თანაბარ პირობებში აქცევს.
რუსეთის დიქტატორი ამ ყველაფერზე მას შემდეგ საუბრობს, რაც თავად 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რის შემდგომაც მისი ბრძანებით დღემდე, სისტემატურად იბომბება უკრაინის ქალაქები, თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და ამასთან ერთად უკრაინის ეკონომიკურ ობიექტებსაც ანადგურებენ.