უკრაინის ვიცე-პრემიერი მოსახლეობას: გზა გამარჯვებისკენ ხანგრძლივი და რთული იქნება
უკრაინის ვიცე პრემიერი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშუკი მოქალაქეებს მიმართავს, რომ განეწყონ ხანგრძლივი ბრძოლისთვის და ნუ ექნებათ იმედი, რომ ომი წლის ბოლომდე, ან შემდეგ შემოდგომამდე დასრულდება.
„კიდევ რამდენ ხანს გასტანს ომი? გულწრფელები უნდა ვიყოთ. ამ ომში გზა გამარჯვებისკენ ხანგრძლივი და რთული იქნება. „2-3“ კვირა, „წლის ბოლომდე“, „შემდეგ შემოდგომამდე“ – ეს ყველაფერი სიმართლე არ არის“, – წერს ვერეშუკი Telegram-ზე.
მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეები და ხელისუფლება ხანგძრლივი და მძიმე ომისთვის უნდა იყვნენ განწყობილი, რომ გამარჯვება მოიპოვონ.
„განვეწყოთ მარათონისთვის და არა სპრინტისთვის, თორმეტ რაუნდიანი ბრძოლისთვის და არა სამ-რაუნდიანისთვის“, – აცხადებს ის.