ირინა სარიშვილი: ხელისუფლებისთვის მთავარ პრობლემად და საფრთხედ სწორედ შოვში დატრიალებული ჯოჯოხეთის მინაწილეები არიან
0
“გეგმა ა-მ არ იმუშავა და ამუშავდა გეგმა ბ.
არ გამოვიდა მსხვერპლის გაშავება და ეხლა მსხვერპლზე თავზე ხელის გადასმა და გულისმოგება დაიწყეს.
რატომ?
რატომ და იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის მთავარ პრობლემად და საფრთხედ სწორედ შოვში დატრიალებული ჯოჯოხეთის მინაწილეები არიან – გადარჩენილები, დაღუპულების ოჯახის წევრები, როგორც ცოცხალი მოწმეები იმისა რომ ხელისუფლებამ ღამით მუშაობის შეწყვეტით საკუთარი ხალხი სასიკვდილოდ გაიმეტა.
რა თქმა უნდა არსებობს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ბრალდებები იმაზე თუ რატომ არ იყო წინასწარი შეტყობინების სისტემა, რატომ ითქვა უარი დახმარების თხოვნაზე და ა. შ. მაგრამ მთავარი და ყველაზე საშიში ბრალდებაა ღამით ადამიანების ძებნის შეწყვეტა და გადარჩენილების მონათხრობი ამას ადასტურებს, მათ შორის ამჯერად უკვე ხელისუფლების მიერაც გმირად აღიარებული დათო ჯელაძე და სხვებიც, რომლებიც 3-4 საათის განმავლობაში ხედავდნენ და ესმოდათ როგორ ითხოვდნენ შველას ადამიანები. ეს კი საფუძველშივე გამორიცხავს ხელისუფლების ვერსიას რომ იქ შველას აზრი არ ჰქონდა და ყველაფერი პირველივე წუთებში დასრულდა. მე ამ ვერსიის იურიდიულ მხარეს ვგულისხმობ, რაც ყველაზე მეტად აშინებს ხელისუფლებას, თორემ მის მორალურ მხარეზე აზრიც არა აქვს საუბარს რადგან ეს მთავრობისთვუს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. უამრავი დეტალი, რაზეც ეხლა არ შევჩერდები და ყველამ იცის ადასტურებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამის მთავარი მოწმეები გადარჩენილები არიან. სწორედ მათი ჩვენებების ეშინია ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ, რაკი გაშავება არ გამოუვიდა, ეხლა გულისმოგების გზას დაადგა.
ბოლომდე ვიტოვებ იმედს რომ ჯოჯოხეთგამოვლილი გადარჩენილები, რომლებმაც საკუთარ თავებთან ერთად სხვებიც გადაარჩინეს, არ შედრკებიან, არ დაიბნევიან და სიმართლის ლაპარაკით ამჯერად
ჩვენ დაგვეხმარებიან მომავალში შვილების გადარჩენაში.
დამნაშავე ხელისუფლებას პასუხი უნდა ვაგებინოთ!
დაინახავთ ვინმე პოლიტიკურ სარჩულს რასაც ვამბობ იმაში? კი ბატონო, მე მათ შორის ვარ, ვისაც ეს ხელისუფლება არ უნდა, მაგრამ ძალიან გთხოვთ მათ, ვისთვისაც სიცოცხლე თუნდაც თავისუფლებაზე მეტია: ბრალდება, რომელსაც ჩვენ ვუყენებთ ხელისუფლებას სწორედ სიცოცხლეს ეხება და ეს თუ გაუვიდათ, ხვალ არანაირი სტიქია ჩემს და თქვენს შვილს არ გაარჩევს!
შვილები ყველას ერთნაირად გვიყვარს, იმედია.
შოვში ადამიანებს ისევ ეძებენ…” – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.