კრემლი აცხადებს, რომ არ ჰქონდა კავშირი თვითმფრინავის კატასტროფასთან, რომელსაც, სავარაუდოდ, პრიგოჟინი ემსხვერპლა
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კვლავ მიმდინარეობს 10 მსხვერპლის ამოცნობის პროცესი, ისევე, როგორც კატასტროფის გამოძიება. 23 აგვისტოს ინციდენტის შესახებ სიჩუმე დაარღვია პუტინმა - მან პრიგოჟინზე წარსულ დროში ილაპარაკა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 25 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ნაპოვნია თვითმფრინავის ჩანაწერების მოწყობილობა და 10-ვე ცხედარი, რომელთა ამოცნობაც ახლა მიმდინარეობს.
პრიგოჟინის სახელი რეისის სიაში იყო, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ მისი ყოფნა თვითმფრინავში, რომელიც იდუმალი მიზეზებით ჩამოვარდა მოსკოვიდან ჩრდილოეთით.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 25 აგვისტოს განცხადებით, მართალია პრიგოჟინის ბორტზე ყოფნის "ზუსტი მტკიცებულება" ჯერჯერობით არ არსებობს, და პრიგოჟინი ცნობილი იყო უსაფრთხოების "განსაკუთრებული" ზომების მიღებით, "დიდი ალბათობით, ის მართლაც მკვდარია".
