სასკოლო წიგნებით მოვაჭრეები მერიისგან დროს ითხოვენ - მათ ტერიტორიის გათავისუფლება მოსთხოვეს
სადგურის მოედანზე, ყოფილი „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ, სასკოლო წიგნებით მოვაჭრეებს თბილისის მერიამ ტერიტორიიდან გასასვლელად ვადა დღეს საღამომდე მისცა.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ დრო სჭირდებათ და ამ ადგილს ასე სწრაფად ვერ გაათავისუფლებენ.
როგორც ერთ-ერთმა მათგანმა დარეჯან კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მერიიდან მათთან ოთხი დღის წინ მივიდნენ და გადაწყვეტილება გააცნეს, თუმცა ისინი დედაქალაქის მერს ვადის გახანგრძლივებას სთხოვენ და ამბობენ, რომ წიგნების და საკანცელარიო ნივთების გაყიდვა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა - ახლა კი სწორედ ის პერიოდია, როდესაც სასკოლო წიგნები იყიდება.
„მთელი დღე აქ ვდგავართ, ცამეტი საათი მზეზე, რომ ღამდება, ალაგებასაც ვერ ვასწრებთ, აქვე ვტოვებთ და ამის უფლებას გვაძლევდა მერია, მაგრამ ახლა შუა სეზონზე გამოუვიდათ ჩვენი შევიწროება. სად წავიდეთ. გვთავაზობენ სხვა ადგილს კერძო სტრუქტურაში, მაგრამ იქ არ არის ისეთი პირობები და ფართი, რაც ჩვენ გვაწყობს... ცოტა დრო გვჭირდება, რომ რამე გამოსავალი ვიპოვოთ“, - უთხრა დარეჯან კაპანაძემ რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, ის ამ ადგილას უკვე შვიდი წელია სასკოლო წიგნებით ვაჭრობს. „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრამდე იქ მუშაობდა და მას მერე გარე სივრცეში ყიდის წიგნებს.
მის მსგავსად მერიას დროის გახანგრძლივებას სხვა გარემოვაჭრეებიც სთხოვენ.