რუსეთი ნიკოლაევს უტევს, სევასტოპოლში განგაში გამოცხადდა
ორშაბათს, საღამოს საათებში რუსეთის არმია დარტყმებს ახორციელებს უკრაინაზე, "შაჰედის" ტიპის დრონების გამოყენებით. იუწყებიან, რომ უკრაინამ, თავის მხრივ, რაკეტები გაუშვა სამიზნეებზე ანექსირებულ ყირიმში.
ერთ-ერთი დარტყმა ნიკოლაევზე მოხდა. ქალაქის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ იყო "მოფრენა", თუმცა დაკონკრეტებული არ არის რომელ ობიექტზე, ვრცელდება მოთხოვნა არ გამოქვეყნდეს შეტევის შემდგომი ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. რუსეთის არმიის მომხრე ტელეგრამის არხები ირწმუნებიან, რომ დარტყმა განხორციელდა კულბაკინოს აეროდრომზე, ნიკოლაევთან. დეტალები დაკონკრეტებული არ არის.
ყირიმიდან უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებისკენ ასევე გაშვებულ იქნა "შაჰედის" ტიპის დრონების ორი ჯგუფი.
ანექსირებული სევასტოპოლის რუსულმა ხელისუფლებამ საჰაერო განგაში გამოაცხადა. მოგვიანებით ისინი იუწყებოდნენ, რომ ბელბეკის აეროდრომთან რაკეტა იქნა ჩამოგდებული. დაუდასტურებელი მონაცემებით, რაკეტები გაშვებული იყო ყირიმის ჩრდილოეთში განთავსებული სამიზეებისკენ. უცნობია მოხვდა თუ არა რომელიმე რაკეტა სამიზნეს.
გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე მიიტანა დარტყმა, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა ოდესის საზღვაო სადგური, მასთან ახლოს მდებარე სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, დაინგრა მარცვლეულის საწყობების შენობები. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი.