დაკავებულ დაბა აგარის პოლიციის უფროსს უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ედავებიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - იოსებ გელაშვილი დააკავეს. ის დაბა აგარის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად მისი ავტომობილიდან, სახლიდან და სამუშაო ოთახიდან დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. მას ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვას.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გელაშვილის შესახებ ისიც ცნობილია, რომ გასულ წელს ის ფიგურირებდა 19 წლის ბიჭის ცემის საქმეში. აგარელი ნიკა ოსაძე, გელაშვილსა და აგარის პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
ნიკა ოსაძე ამბობდა, რომ აგარის პოლიციის ხელმძღვანელმა, სოსო გელაშვილმა გააჩერა, ავტომობილში იძულებით ჩასვა და პოლიციის შენობაში გადაყვანის შემდეგ, სხვა სამართალდამცველებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ბრალდების საფუძველზე გამოძიება დაწყებული ჰქონდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. აღნიშნული უწყება გამოძიებას სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილით იძიებდა, თუმცა რა შედეგით დასრულდა აღნიშნული გამოძიება, უცნობია.
რადიო თავისუფლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ამ დრომდე ელოდება პასუხს გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისი მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.