ოდესა, პოლტავა, ხარკოვი - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს
მანამდე, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა რაკეტებით, დრონებით და ავიაბომბებით დაარტყეს ოდესის, პოლტავის და ხარკოვის ოლქებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ქალაქ ოდესის სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი ნაწილი, სადაც ორი მაშველი დაიჭრა.
პოლტავის ოლქზე დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია სულ მცირე სამი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა ცეცხლმოკიდებულ სახლში მყოფი ორი ადამიანი გადაარჩინეს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს ქალაქ ხარკოვის შემოგარენს და ქალაქ დერგაჩის ერთ-ერთ საწარმოს. დაშავდა ხუთი ადამიანი.
რუსეთის ჯარები ზედიზედ რამდენიმე დღეა უტევენ ქალაქ ხარკოვს. 31 ოქტომბერს, მართვადი საავიაციო ბომბის აფეთქების შედეგად დაინგრა 9-სართულიანი სახლის ერთი სადარბაზო. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი და დაშავდა 36.