რუსეთში დაადასტურეს დრონებით შეტევა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარეობს.
ხანძარი რეგიონის ოპერატიულმა შტაბმა 17 თებერვალს დილით დაადასტურა. მანამდე რამდენიმე რუსული ტელეგრამ-არხი იუწყებოდა, რომ გასულ ღამით ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე დაზიანდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარი და ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლის ჩასაქრობად 70-ზე მეტი მეხანძრისა და 21 ერთეული ტექნიკის მობილიზების გარდა საჭირო გახდა სპეციალური სახანძრო მატარებლის გამოძახებაც.
უკრაინას ილსკის ქარხანაზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. 2023-2025 წლებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას არაერთხელ დაარტყეს.
დრონებით შეტევის გამო გასულ ღამით დროებით დაკეტეს კრასნოდარის და სოჭის აეროპორტები.
რეგიონის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 17 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონების ფრაგმენტები აღმოაჩინეს ქალაქ კრასნოდარის სტადიონთან და ქალაქ სოჭის რამდენიმე რაიონში. შტაბის მტკიცებით, არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში კრასნოდარის მხარეში გაანადგურეს 18 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.სააგენტო Bloomberg-ის დათვლით, მხოლოდ 2025 წელს უკრაინამ 120-მდე შეტევა მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებზე, ნავთობის და გაზის საბადოებსა და მილსადენებზე.
