ირანის ახალი უზენაესი ლიდერი იქნება მოკლული ალი ხამენეის ვაჟი - მედია
ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩეულია აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი. ამის შესახებ ირანული გამოცემა Iran International-ი და გერმანული მაუწყებელი DW წერენ ირანში თავის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
თეირანს ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოუცხადებია.
მედიასაშუალებების წყაროთა თანახმად, ისლამური რესპუბლიკის „ექსპერტთა ასამბლეამ“ მოჯტაბა ხამენეი ახალ უზენაეს ლიდერად 3 მარტს აირჩია ირანის შეიარაღებული ძალების ელიტურ ნაწილად მიჩნეული „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ზეწოლით.
Iran International-ის ინფორმაციით, ახალი უზენაესი ლიდერის არჩევის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, გამოცხადდება ალი ხამენეის დაკრძალვის შემდეგ.
მანამდე ამერიკული გამოცემა New York Times-იც წერდა, რომ ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად 3 მარტს გაიმართა ირანის „ექსპერტთა ასამბლეის“ სხდომა, მოჯტაბა ხამენეი აშკარა ფავორიტი იყო და ახალ უზენაეს ლიდერად მისი გამოცხადება 4 მარტს დილით იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა, ისიც აშშ-ის და ისრაელის სამიზნედ იქცეს.
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის უზენაეს ლიდერს ქვეყნის მართვაში უნიკალური როლი აქვს - ის სახელმწიფოს მეთაურიცაა და ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირიც.
56 წლის მოჯტაბა ხამენეი ალი ხამენეის მეორე ვაჟია. თეოლოგიას სწავლობდა შიიტებისთვის წმინდა ქალაქის, ყუმის რელიგიურ ცენტრში. სწავლის დასრულების შემდეგ კლირიკი გახდა.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, მოჯტაბა ხამენეის მჭიდრო კავშირები აქვს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“. დასავლეთის მედიასაშუალებები მოჯტაბა ხამენეის მიერ მსხვილი ფინანსური აქტივების გაკონტროლების შესახებაც წერდნენ.
ირანის უზენაესი ლიდერი, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს დაიღუპა. მისი სიკვდილის გამო ირანში 40-დღიანი გლოვა გამოაცხადეს.
