გადადგა ეკატერინბურგის მერი, ევგენი როიზმანი
22 მაისს თანამდებობა დატოვა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის მერმა ევგენი როიზმანმა, რომელმაც მიზეზად დაასახელა მერის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება. თავისი გადაწყვეტილება როიზმანმა გამოაცხადა საქალაქო კრების წინაშე, რომელზეც უნდა განეხილათ ცვლილებები ქალაქის წესდებაში. ევგენი როიზმანმა, რომელიც იმავდროულად ეკატერინბურგის საქალაქო კრების თავმჯდომარეცაა, უარი განაცხადა დღის წესრიგში ამ ცვლილების შეტანაზე, რასაც ამომრჩევლების მოტყუებად მიიჩნევს. ეკატერინბურგის მერისა და საქალაქო კრების თავმჯდომარის თანამდებობა შეთავსებულია და ის 2013 წელს დაიკავა ოპოზიციონერმა ევგენი როიზმანმა. ეკატერინბურგში რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააპროტესტა მერის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება და მოითხოვა სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორის, ევგენი კუივაშევის გადაყენება, რომელიც მხარს უჭერს მერის არჩევნების გაუქმებას.