ჯერ არ დაწყებულა საუბარი მთავრობის პერსონალურ შემადგენლობაზე
„ჯერ ისევ ვსაუბრობთ მთავრობის სტრუქტურის რეორგანიზაციაზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობასა და პრემიერ-მინისტრს შორის მიმდინარე კონსულტაციების კომენტირებისას. „ამ დისკუსიების საფუძველზე უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს რეორგანიზაციის ვარიანტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში ეყრება კენჭი. მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია მთავრობის პერსონალურ შემადგენლობაზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, პრინციპულ საკითხებზე უკვე მიღწეულია თანხმობა. პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გეგმის მიხედვით, იგეგმება მინისტრთა კაბინეტის შემცირება 14-დან 11 სამინისტრომდე. საუბარია, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერწყმაზე დევნილთა სამინისტროსთან. ასევე, შესაძლოა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო შეუერთდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. პარლამენტის თავმჯდომარემ უარყო სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია.