თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
თურქეთში მიმდინარეობს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ადრე დაქსაქსული ოპოზიციური პარტიები ახლა ერთობლივად ცდილობენ დაასრულონ, როგორც თავად აცხადებენ, რეჯეფ ტაიპ ერდოანის სვლა „ერთპიროვნული მმართველობისკენ“. ეკონომიკური მაჩვენებლების გაუაერესების ფონზე პრეზიდენტმა ერდოანმა აპრილში გამოაცხადა ვადამდელი (დაგეგმილზე 17 თვით ადრე) საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.
2017 წლის რეფერენდუმის შემდგომი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, თურქეთი საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადადის და მომავალი პრეზიდენტის გაზრდილ ძალაუფლებას უზრუნველყოფს, აუქმებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და აუქმებს არაერთ ბერკეტს, რითაც პარლამენტს საპრეზიდენტო ძალაუფლების არასათანადოდ გამოყენებისგან დაზღვევის საშუალებას უსპობს. საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა არჩევნების შემდეგ.
პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოანი და მისი მმართველი პარტია მოსალოდნელზე მწვავე კონკურენციის პირობებში აღმოჩნდნენ. გამოკვლევების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა მეორე ტური გახდეს საჭირო და პირველად 16 წლის განმავლობაში, შეიძლება, მმართველმა პარტიამ დაკარგოს უმრავლესობა. მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 8 ივლისს გაიმართება.
ერდოანის მთავარი მეტოქეა მუჰარემ ინჯე, მთავარი ოპოზიციური ძალის - „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი. მას მხარს უჭერს ახლადშექმნილი ოპოზიციური „ეროვნული ალიანსი“, რომელიც სეკულარუისტი სოციალ-დემოკრატების გარდა აერთიანებს მემარჯვენე-ცენტრისტ კონსერვატორებს, ნაციონალისტ-ლიბერალ კონსერვატორებსა და კონსერვატორ ისლამისტებს.