გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს „პოლიტიკური კრიზისიდან“ ერთად გამოსვლას
გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს სამუშაო ჯგუფის შექმნას „პოლიტიკური კრიზისიდან“ ერთად გამოსვლის მიზნით. ეს ინიციატივა 2 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე გამოაცხადა გაერიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. ხელისუფლებას პასუხის გასაცემად მისცეს ვადა 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ დღისთვის არიან დანიშნული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია.
გრიგოლ ვაშაძემ კვლავ გამოაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვებულად არ ცნობს თავის მეტოქეს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს, ოფიციალური ინფორმაციით, ხმების თითქმის 60 პროცენტი ერგო. ვაშაძემ კენჭისყრა მოიხსენია „კრიმინალურ-ტერორისტული ოპერაციად“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და გამოაცხადა: საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს „ქურდულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილსო.
მანვე შეკრებილებს გააცნო „პოლიტიკური კრიზისიდან“ გამოსვლის გეგმა, რომელიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ითვალისწინებს.
კერძოდ, ხელისუფლებას სთავაზობენ, შექმნას სამუშაო ჯგუფი - თუნდაც, ხუთი ადამიანის შემადგენლობით. ოპოზიციაც ასეთი რაოდენობით შექმნის დელეგაციას და, სამოქალაქო საზოგადოების მეთვალყურეობით, „ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიუციურად, სამართლებრივად“ წარიმართება ერთობლივი მუშაობა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
ვაშაძის თქმით, 16 დეკემბრამდე ხელისუფლების პასუხზე იქნება დამოკიდებული „გაერთიანებული ოპოზიციის“ შემდეგი ნაბიჯები.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ პირობა დადო, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ გავა კონსტიტუციის ფარგლებიდან და არ დაარღვევს კანონებს.