გაირკვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოთხი მეტოქე ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში
2 დეკემბერს დუბლინში, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გამოვლინდნენ. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი მეოთხე კალათაში იყო განთესილი. პირველი კალათიდან მეტოქედ შვეიცარია ერგო, მეორე კალათიდან - დანია, მესამედან - ირლანდია, ხოლო მეხუთედან - გიბრალტარი.
შესარჩევი ციკლის თამაშები 2019 წლის 21 მარტს დაიწყება და იმავე წლის 19 ნოემბრამდე გაგრძელდება. რვა ტურის შემდეგ, ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მოიპოვებენ.
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება, 12 ქვეყანაში. მასპინძლები იქნებიან: ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია, უნგრეთი, დანია, ირლანდია, რუმინეთი, რუსეთი, შოტლანდია და აზერბაიჯანი.