ოპოზიციური პარტიები „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით“ რამდენიმე მოთხოვნას ავრცელებენ
5 დეკემბერს, ლეიბორისრული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ.
„დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელეს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პარტიების შეფასებით, არჩევნები გაიმართა საარჩევნო კოდექსის სხვა კანონებისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევის პირობებში. სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენება, ამომჩრევლის მასობრივი მოსყიდვა, მასზე შანტაჟი და უხეში ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და გაყალბება. ზემოაღნიშნული მასობრივი დარღვევები, ჩვენი შეფასებით, იძლევა საფუძველს განვაცხადოთ, რომ ამ დარღვევებმა პირდაპირი და თვისობრივი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საჭიროა: პირველი - საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება, მეორე - საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა, ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.
5 დეკემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას", ასევე "ახალი მემარჯვენეების", "დემოკრატიული მოძრაობის", „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „თავისუფალი დემოკრატებისა" და „შენების მოძრაობის" წევრებს.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო საქართველოსთვის, რადგან მისი აზრით, ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი კვლავ რჩება ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის არჩევანის გაკეთების პირისპირ, მაშინ, როდესაც საზოგადოებაში მესამე პოლიტიკური ძალის მოთხოვნა იზრდება.