ტერორიზმის გლობალური ინდექსით, 2017 წელს 27%-ით შემცირდა დაღუპულთა რაოდენობა
ტერორიზმის გლობალური ინდექსით, ტერორიზმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2017 წელს წინა წელთან შედარებით 27%-ით შემცირდა. ყველაზე მკვეთრია კლება ერაყსა და სირიაში. სულ 94 ქვეყანაში შემცირდა, ხოლო 46-ში გაიზარდა ტერორიმზის მსხვერპლთა რაოდენობა.
ერაყსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვის კლება (ერაყში 5000-ით, ხოლო სირიაში 1000-ით) უკავშირდება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ დასუსტებას. 2017 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების შედეგად დაღუპულების რიცხვი განახევრდა, თუმცა მსოფლიო მასშტაბით მაინც ამ ექსტრემისტული ჯგუფის ტერაქტებზე მოდიოდა ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი.
დასავლეთ ევროპაში 52%-ით იკლო ტერორიზმმა. 2017 წელს 81 ადამიანი დაიღუპა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 168 იყო.
საქართველოს 89-ე ადგილი ერგო ინდექსით, რომელიც 169 ქვეყანას მოიცავს.
მიუხედავად მონაცემებისა, რომლებიც ტერორიზმის შესუსტებას ცხადჰყოფს, გლობალური ინდექსი აჩვენებს, რომ ტერორიზმი ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული და ზოგ რეგიონში ძლიერდება კიდეც. ყველაზე მკვეთრია მატება სომალისა და ეგვიპტეში. მარტო ერთმა ტერაქტმა სომალიში 587 ადამიანი შეიწირა.
ქვეყნისათვის მინიჭებული ქულა და, შესაბამისად, ადგილი ინდექსში განისაზღვრება წლის განმავლობაში მოწყობილი ტერაქტების რაოდენობით, მსხვერპლის რაოდენობით, დაშავებულთა რაოდენობით, მატერიალური ზარალის მოცულობით.