„ყვითელი ჟილეტების“ აქციის გამო საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. საელჩოს მიმართვა 8 დეკემბერს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციას უკავშირდება.
„შაბათს, 8 დეკემბერს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში. საპროტესტო აქციების გამო, სტუმრებისთვის დაიხურება ეიფელის კოშკი და ლუვრი. გავრცელებული ინფორმაციით, გადაიდო ფეხბურთში საფრანგეთის ჩემპიონატის თამაში, რომელიც „პსჟ“ და „მონპელიეს“ შორის უნდა გამართულიყო.
სამი კვირაა ათასობით ადამიანი, რომლებსაც ყვითელი ჟილეტები აცვიათ, საპროტესტო აქციებს მართავენ საწვავის გაძვირების გამო. დემონსტრანტები საწვავის გაიაფების გარდა მოითხოვენ გადასახადების შემცირებას და მინიმალური ხელფასის გაზრდას.
პირველ დეკემბერს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია გადაიზარდა მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში. დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 23 პოლიციელი. დემონსტრანტებმა ჩაამსხვრიეს ვიტრინები და დაწვეს ავტომობილები. მასობრივი არეულობის დროს დაზიანდა საქართველოს საელჩოს ავტომანქანაც.
საფრანგეთში მიმდინარე ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ მასობრივი პროტესტის პარალელურად ძალას იკრებს უფროსი კლასების მოსწავლეებისა და ლიცეუმების მასწავლებლების პროტესტი. სააგენტო „ფრანს პრესის“ თანახმად, 6 დეკემბერს პროტესტმა მოიცვა 280 სკოლა, რომელთა მოსწავლეები ეწინააღმდეგებიან საგანმანათლებლო რეფორმას, კერძოდ უნივერსიტეტებში მიღების წესების გამკაცრებას. ზოგიერთ ქალაქში ადგილი ჰქონდა დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკებას. ოპოზიციური პოლიტიკურ ძალებისა და სოციალური ქსელების აღშფოთება მოჰყვა პარიზის გარეუბან მანტ-ლია-ჟოლის ერთ-ერთ ლიცეუმში გადაღებულმა ვიდეომ, რომელზეც პოლიციის მიერ დაკავებული რამდენიმე ათეული ახალგაზრდა სკოლის ეზოში მუხლებზე დაჩოქილი დგას.