8 დეკემბერს გადაწყდება, დაიბრუნებს თუ არა IBSU პირველკურსელთა მიღების უფლებას
8 დეკემბერს გადაწყდება, დაიბრუნებს თუ არა შავი ზღვის უნივერსიტეტი პირველკურსელთა მიღების უფლებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო დღეს განიხილავს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკითხს პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი იდგა და რაც მათი აზრით, სასწავლო პროცესს სერიოზულ რისკებს შეუქმნიდა.
715 000 ლარი, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 26 აგვისტოს, ანუ, პირველკურსელთა მიღების შეზღუდვიდან 6 დღეში გადაიხადა.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება შავი ზღვის უნივერსიტეტმა ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. 15 ოქტომბერს, სააპელაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და ის ხელახლა განსახილველად დაუბრუნა საბჭოს.
22 ოქტომბერს შეწყდა საგადასახადო დავა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა“ და სახელმწიფოს შორის. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია. სარჩელის უკან გატანისა და საგადასახადო დავის შეწყვეტის შემდეგ IBSU-ს ქონებას ყადაღა ავტომატურად მოეხსნა.
თუკი 8 დეკემბერს ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას შავი ზღვის უნივერსიტეტის სასარგებლოდ მიიღებს, მაშინ, არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, სემესტრის ბოლოს, უნივერსიტეტი მიმართავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა სამინისტრომ დაუშვას სტუდენტთა სპეციალური მობილობა. მობილობის შედეგად კი უნივერსიტეტი მოახერხებს იმ პირველკურსელთა დაბრუნებას, რომლებსაც განაცხადში, პირველ სასწავლებლად მონიშნული ჰქონდათ შავი ზღვის უნივერსიტეტი. შავი ზღვის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ასეთი სტუდენტების რაოდენობა 800-მდეა.